ბავშვი და იარაღი

რა ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს იარაღთან მოპყრობა?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხი შეიძლება ასეთი იყოს - პირველივე ინტერესის გამოხატვის და შესაძლებლობისთანავე.
ახლა ცოტა უფრო ვრცლად.
პრაქტიკულად არ არსებობს საზოგადოება, ტომი, ჯგუფი ან ერი, რომელსაც არ შეუქმნია იარაღი და საბრძოლო ხელოვნება, ან არ გამოუყენებია სხვისი შექმნილი. საბრძოლო იარაღი, იგივე საჭურველი, ისეთივე განუყოფელია (ხშირად კი გაცილებით მნიშვნელოვანი) ადამიანთა ცხოვრებიდან, როგორც სასოფლო-სამეურნეო იარაღი, სამზარეულოს ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.
თუ ბავშვი 3-4 წლის ასაკში იწყებს დანა-ჩანგლის, 5-6 წლიდან - მუსიკალური ინსტრუმენტების, 8-10 წლის - ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო იარაღის, მათ შორის ცულის, წალდის, ნამგლის, ცელის და სხვა საჩეხ-საჩხვლეტ-საძგერებელი თვისების მქონე საგნის გამოყენებას, მაშინ სრულიად შესაძლებელია არანაკლებ საჭირო და ორგანული ნივთის - ცეცხლსასროლი იარაღის სწორად, უსაფრთხოდ და დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესწავლა. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს აქვს უმდიდრესი საბრძოლო გამოცდილება, იარაღის ფლობის და განკარგვის რამდენიმე ათასწლიანი ტრადიცია, ამასთანავე მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე სასჯელების პრაქტიკა.
პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღსაზრდელად, სხვა მრავალ პირობასთან ერთად, იარაღის მფლობელთა ასოციაციის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იარაღის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას - იგი არ არის ვინმეს დასაჩაგვრი ინსტრუმენტი, პირიქით, ახლა გავრცელებული და მყარად გამჯდარი აზრის საწინააღმდეგოდ გაწვრთნილი, თავდაჯერებული და კანონმორჩილი საზოგადოება არის უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო.

კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ბავშვის ცნობისმოყვარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია 5-6 წლის ასაკიდან დავიწყოთ მისი მომზადება უმარტივესი ჩვევების განვითარებით, როგორიცაა იარაღის სწორად დაჭერა, თითი სასხლეტის გარეთ, ლულის მიმართვა უსაფრთხო მიმართულებით, კუთვნილ ადგილზე უსაფრთხოდ შენახვა და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სათამაშო იარაღების გამოყენებით.
როგორც სხვა შემთხვევებში, მაგ. მუსიკის, სპორტის ან სკოლის გაკვეთილების მომზადებისას, აქაც არ არის საჭირო დაძალება, ან ზედმეტი მოლოდინების შექმნა, რომ ჩვენი შვილი ტყვიას ტყვიაში ჩასვამს, დასაწყისისთვის კარგი შედეგი იქნება, თუ ბავშვს გაუჩნდება ჯანსაღი ინტერესი იარაღის, როგორც საინჟინრო ქმნილების, ასევე მისი ისტორიული და კულტურული დანიშნულების მიმართ.
აქვე ცოტა რამ წარსულიდან: XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და, საერთოდ, საქართველოს ყოფისა და კულტურის მიმოხილვაში არქანჯელო ლამბერტი შემდეგნაირად აღწერს მეგრელ ბავშვებს:
– “ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, ფარსა და მშვილდს, თითქოს დაბადებიდან იყვნენ შეჩვეულნი ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ საქმეს, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობაში; ყოველი იარაღი ისე აქვთ გაწყობილი, რომ მთავრის პირველივე დაძახილზე შეძლონ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა, დასვენების დროსაც კი მშვილდ–ისარი, ფარ–ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან ულაგიათ, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ… პატარებსა და ნორჩ ახალგაზრდებს სასტიკ ზამთარშიაც კი ფეხთ არ აცმევენ და აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქებაში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ომიანობას მოაქვს“.
ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი გარემოება, რაც ხელს უშლის იარაღის კანონიერ ფლობა-განკარგვას, არის დამპყრობელი ქვეყნის, რუსეთის ინტერესი - არ დაუშვას წინააღმდეგობის უნარის განვითარება. ამავე ინტერესის ფარგლებში, ჩვენზე „ზრუნვის“ საბაბით, დაპყრობიდან მალევე, საქართველოში აკრძალეს ძალიან პოპულარული კრივი (კრივობა), რომელიც თითქმის ყოველ შაბათ კვირას იმართებოდა და სახალხო დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი იყო.
იმედს და სურვილს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება სასკოლო ასაკის შესაფერისი სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა.