როდის მოვა პოლიცია თქვენ დასაცავად?
როდის მოვა პოლიცია თქვენ დასაცავად?
ხშირად გვიწევს იარაღის მფლობელებს ისეთ ადამიანებთან კამათი, ვისაც ადამიანის კეთილი ბუნების სწამთ, სჯერათ რომ კარგ ადამიანებს კრიმინალი არ ეხება და უსაფრთხოების გამოწვევების ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დეტალებზე ნაკლებად აქვთ ნაფიქრი. ადამიანთა ამ ნაწილისთვის სრულიად მისაღებია პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიანდონ პოლიციას და აღარ ფიქრობენ რამდენად ეფექტურად შეუძლია პოლიციას მათი დაცვა. სათაურშივე დასმულ კითხვას უნდა დავუბრუნდეთ და ჩამოვთვალოთ ყველა ეტაპი, რომლის გავლაც აუცილებელია, რათა პოლიცია მოვიდეს თქვენ დასახმარებლად:
- პოლიციის გამოძახება - გჭირდებათ მობილური, უნდა იმყოფებოდეთ კავშირგაბმულობის დაფარვის ზონაში, უნდა შეძლოთ 112-ში გარეკვა, 112-ის ოპერატორს უნდა აუხსნათ კრიტიკული მდგომარეობის არსი და თქვენი მდებარეობა;
- რეაგირების ხანგრძლივობა - გამოძახების მიღება, საცობების ან მანძილის გადალახვა, მისამართის მიგნება;
- დანაშაულის აღკვეთა - პოლიციის ეკიპაჟმა უნდა შეძლოს სიტუაციაში გარკვევა, მოძალადის იდენტიფიცირება, მოძალადის განიარაღება და მოძალადის დაკავება.
ერთი შეხედვით ზედაპირულად მარტივი პროცესი იმდენი ნაბიჯისგან შედგება, რომელიმე ერთი ნაბიჯის ჩავარდნის შემთხვევაში თქვენი ბედი მოძალადის ხელში აღმოჩნდება.
სურათზე მოცემულია ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქებში, პოლიციის დეპარტამენტებისთვის საჭირო რეაგირების დრო (გამოძახებიდან ადგილზე მისასვლელად საჭირო დრო). აქ ნათლად ჩანს პოლიციის ეფექტურობა კრიმინალის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებში. თუ კარგად დააკვირდებით ამ პერიოდში შესაძლებელია კრიმინალმა საწადელს მიაღწიოს და მიიმალოს კიდეც.
დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოშიც მსგავსი რეაგირების დრო გვექნება. მაგალითად თბილისში სადაც საცობების ბუმია, პოლიციის რეაგირების დრო დღის მონაკვეთის მიხედვით დაახლოებით 5-20 წუთის შუალედში იქნება. პოლიციას რეგიონებში რეაგირებისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება, რასაც განაპირობებს საპატრულო ეკიპაჟების სიმცირე, გაზრდილი მანძილი, გაუმართავი დამისამართება და დაზიანებული გზის საფარი. შეგახსენებთ, პოლიციის რეაგირების დრო აღნიშნავს დროს, რომელიც პოლიციას გამოძახების ადგილზე მისასვლელად სჭირდება. ადგილზე მისულმა პოლიციამ უნდა შეაფასოს სიტუაცია, მოახდინოს დამნაშავის იდენტიფიცირება და მისი განეიტრალება. როგორც უკვე მიხვდით ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რომლის განმავლობაშიც კრიმინალი თავის მიზანს წარმატებით აღწევს - დაიტაცებს ქონებას, აზიანებს ან სპობს სიცოცხლეს.
თავდასხმისას დამნაშავის განეიტრალება ყველაზე უკეთ თავად შეგიძლიათ თუ ამისთვის მომზადებული ხართ, რადგან თქვენ გარდა არავინ არ არის ადგილზე და ნებისმიერი დამხმარე პირს იქნება ეს პოლიცია თუ კეთილი ადამიანი თქვენამდე მოსასვლელად დასჭირდება დრო რომელიც თქვენ არ გაქვთ.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ვასკვნით, რომ სამართალდამცველთა მოსვლამდე თავად ხართ პასუხისმგებელი პირადი და ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე! თუკი „კარგი ადამიანი ხარ“ და ფიქრობ, რომ მტერი არ გყავთ მინდა შეგახსენოთ, რომ ყაჩაღს თქვენ პიროვნებაზე მეტად თქვენი საფულე და ქონება აინტერესებს.
რეალობას თვალი გაუსწორეთ და მივხვდებით, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე თქვენზე უკეთ ვერავინ ვერ იზრუნებს და გააცნობიერეთ, რომ კანონმორჩილი მოქალაქისთვის იარაღის ქონა საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.
გახსოვდეთ თქვენი უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა თქვენ ხელშია. შეიარაღდით, დაეუფლეთ იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს.
მოემზადეთ უარესისთვის და იყავით მშვიდად.