ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოების წესები

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

ნებისმიერი ინსტრუმენტის უსაფრთხო გამოყენება საჭიროებს ცოდნას, უნარებსა და სიფრთხილეს, თუმცა რიგი ინსტრუმენტებისა საჭიროებს განსაკუთრებულ მოპყრობასა და პრაქტიკულ ჩვევებს, რადგან მათი გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სულაც ლეტალური შედეგი. 

ცეცხლსასროლი იარაღი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია, რომლის უსაფრთხოდ გამოყენებისათვის აუცილებელია თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებში გადაზრდა. უსაფრთხოების ზომების დაცვა უნდა გახდეს იარაღის მფლობელის ინსტინქტი, რათა კრიტიკულ სიტუაციაშიც კი შეძლოს მიზნის უსაფრთხოდ მიღწევა.

კრიტიკულ სიტუაციაში ყველა ადამიანი მოქმედებს მისი მომზადების დონის შესაბამისად და სწორედ აქედან გამომდინარე იარაღის ფლობა უპირველეს ყოვლისა გვავალდებულებს ყველაზე წინ დავაყენოთ უსაფრთხოება. განურჩევლად იმისა, ხართ გამოცდილი მსროლელი თუ იარაღთან შეხებას ახლა იწყებთ, იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების წესების განუხრელი დაცვა აუცილებელია. ამ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ იარაღის უსაფრთხოების 4 ძირითადი და სხვა დამატებითი უსაფრთხოების  წესები.

იარაღის უსაფრთხოების ოთხი ძირითადი წესი

  • იარაღს ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს (განმუხტულსაც კი) - შეიძლება დადგეს მომენტი როდესაც იარაღი დატენილი იქნება და იარაღი გაგივარდება. "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო" - იარაღთან მოპყრობა ყალიბდება ჩვევად, თუ მიეჩვევი განმუხტული იარაღით “თამაშს” ერთხელ დამუხტულითაც ითამაშებ.
  • თითი სასხლეტის გარეთ - არ დაადო თითი სასხლეტს სანამ მიზანი არაა სამიზნეზე და არ გაქვს გადაწყვეტილი სროლა. სასხლეტი თითის დასაყრდნობად არაა, გარე გამაღიზიანებლებით (დაცემინება, ფეხის დაცდენა, წამოკვრა, დაჯახება, ხმაური და ა.შ.) გამოწვეულ უნებლიე მოძრაობას შეიძლება მოჰყვეს გასროლა.
  • ლულა უსაფრთხო მიმართულებით - არასდროს დაუმიზნოთ იმას რის განადგურებასაც არ აპირებთ იქნება ეს ცხოველი, კერძო საკუთრება და განსაკუთრებით ადამიანი.
  • იცოდე რას უმიზნებ – რა არის მის უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. 1. პრაქტიკასთან ერთად ჩვენ უკეთესი მსროლელები ვხდებით მაგრამ კარგი მსროლელიც აცელს მიზანს, უნდა გაითვალისწინოთ რომ ტყვია შეიძლება აცდეს / გასცდეს არჩეულ მიზანს და შედეგად დააზიანოს მხედველობის მიღმა მყოფი ობიექტი. 2. არასდროს არ გაისროლოთ ხმის, უეცარი მოძრაობის, გაელვების (სინათლე), შუქის ან რაიმე ფერის მიმართულებით სანამ არ მოახდენთ მის იდენტიფიცირებას. (თორემ აღმოჩნება რომ დათვის მაგივრად ადამიანი იყო)

უსაფრთხოების დამატებითი ზომები

  • რეგულარული პრაქტიკა - რეგულარული საცეცხლე პრაქტიკა აძლიერებს უსაფრთხოების ჩვევებს და აუმჯობესებს სიზუსტეს.
  • კუნთოვანი მეხსიერების მნიშვნელობა - იარაღთან მოპყრობის რეგულარული პრაქტიკა ავითარებს კუნთოვან მეხსიერებას, რაც მის უსაფრთხო გამოყენებას ჩვენს ბუნებრივ უნარად აქცევს.
  • მშრალი სროლის ვარჯიშები - გარდა ჩვეულებრივი სროლისა, საკმაოდ გამოსადეგია ასევე მშრალი სროლის ვარჯიშები. ამგვარი პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას უკეთ მივეჩვიოთ იარაღის მექანიზმებს (დარწმუნდით, რომ იარაღი ცარიელია და მიმართულია უსაფრთხო მიმართულებით ამ დროს).
  • რეგულარული მოვლა და შემოწმება - რეგულარულად გაასუფთავეთ და შეამოწმეთ თქვენი იარაღები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი გამართულ მდგომარეობაშია. გაუმართავი იარაღი წარმოადგენს საფრთხეს.
  • ყოველთვის ეცადეთ გააღრმავოთ თქვენი ცოდნა - უწყვეტი განათლება და ვარჯიში აუცილებელია, ეს ერთგვარი გარანტია იმისა რომ ჩვენი კავშირი იარაღთან მუდამ ვითარდება. Ამის შედეგად იზრდება როგორც ჩვენი პასუხისმგებლიანობა, ასევე იარაღის ეფექტურობა ჩვენს ხელში
  • იარაღის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება - ყოველთვის შეამოწმეთ საბრძოლო მდგომარეობაშია იარაღი თუ არა. ამ ქმედების მუდმივი გამეორება ჩვევად გადაიქცევა და ასევე გაზრდის იარაღის უსაფრთხოებას.