ფიქრები თავდაცვაზე საოკუპაციო ხაზთან
გამარჯობა, მე ოთარ ოდიაშვილი ვარ, ტყვიავის მაცხოვრებელი, მცირე დროს წაგართმევ და მოგიყვებით იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ოჯახს გვიწევს ცხოვრება. ტყვიავიდან ცხინვალამდე სულ რაღაც 13 კილომეტრია და google-ს თუ დავუჯერებთ ამ მანძილის გავლას ყოველდღიურ რეჟიმში ავტომობილით 26 წუთი სჭირდება, ხოლო საოკუპაციო ხაზამდე მანძილი სხვადასხვა მიმართულებით 3-15 კილომეტრს შორის მერყეობს. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ტყვიავში ოკუპაცია საერთოდ, საერთოდ არ იგრძნობა. დაახლოებით ასეთი ტექსტები ტრიალებს:
- ძველი თაობა: ყოფილიყო როგორც ვიყავით? გადავდიოდით გადმოვდიოდით, ჩვენი არ იყო? მა რა იყო.
- ახალი თაობა: რაღაც რომ დაიწყოს უნდა დავნებდეთ, ვერც ავიღებთ თან ყველას დაგვხოცავენ, რა აზრი აქვს?
ზემოთ მოყვანილ კატეგორიას საუბარში ვერ აჯობებ და ვერც აზრს შეაცვლევინებ. საბედნიეროდ ყველა ასე არ ფიქრობს. ისე, რუსეთის გარდა სხვა რომ იყოს ოკუპანტი, აქამდე სახეს გავაძრობდით და სიცოცხლესაც დავთმობდით მაგრამ რაღაცნაირად “გვევასება” რუსეთი გორელებს, კი, დაგვბომბა, ბიჭები დაგვიხოცა, ტერიტორიები წაგვართვა მაგრამ კომბოსტოს და ვაშლის გაყიდვის ნოსტალგია ვერ გადაფარა.
პროფესიით ავტო ელექტრიკოსი ვარ, ხშირად მიწევს საოკუპაციო ხაზზე არსებულ სოფლებში სიარული და მავთულხლართთან ახლოს მისვლა, იქნება ეს დიცი, კარბი, ნიქოზი თუ სხვა სოფლები. ამ სტატიის წერისას აღმოვაჩინე რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს კი არა, მეტიც, 220 მეტრის სიღრმეში ვყოფილვარ შესული, რამდენჯერაც გინდა, სანამ მამიდა მანდ ცხოვრობდა.


ვისი იმედი უნდა გქონდეს?
დახედე მოცემულ სურათს და დაფიქრდი, შენ ვისი/რისი იმედი გექნებოდა? მწვანე ზონაში რომ ხილს კრეფ, წითელი რომ საოკუპაციო ხაზია და ყვითელი ჩვენების საგუშაგო, რომელიც 1 500 მეტრით არის შენგან დაშორებული.
ქვემოთ მოცემულ სურათზე ყვითლად მითითებულია საგუშაგოს ძველი ადგილმდებარეობა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაიხსნა, თუმცა, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2013-14 წელს აღმოაჩინა რომ მანდ როცა იქნება მავთულხლართი გაივლის, საგუშაგო მოხსნეს და ახალ ლოკაციაზე გადაიტანეს და 10 - 15 ოჯახი ოკუპაციისთვის გაიმეტეს.
ძველ საგუშაგოზე პირველივე დღეს მოსახლეობა გააფრთხილეს: "სულ 8 კაცი ვართ, რაღაც რომ მოხდეს ჩვენ ვერ გავჩერდებით, ჩვენი იმედი არ გქონდეთ, გაიქეცით". მოდელირებული („თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ომი რომ დაწყებულიყო“) ქრონიკის ეთერში გასვლის შემდგომ იმავე საგუშაგოდან გაქცეული სატვირთო უკან ბრუნდებოდა და ეხლა უკვე ხალხს ამშვიდებდა, რომ ომი არ დაიწყო და რომ რეკონსტრუქცია იყო.
შენ ვისი იმედი გექნებოდა წითელი კვადრატებით შემოხაზული სახლებიდან ერთ-ერთი შენი რომ იყოს?

