სად შეიძლება იარაღით სროლა
რატომ არის საჭირო საცეცხლე მომზადება?
იარაღი და საფრთხე ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული სიტყვებია და სწორედ თქვენი დამოკიდებულება იარაღისადმი განაპირობებს უტოლობის რომელ მხარეს დგახართ. იარაღის მოყვარულთათვის იარაღი წარმოადგენს საფრთხის თავიდან აცილების, თავდაცვის ან გართობის საშუალებას, მაშინ როდესაც ადამიანთა მეორე ნაწილი თავად იარაღს აღიქვამს საფრთხედ. იარაღი ორივე შემთხვევაში იქნება ეს თავდასხმის თუ თავდაცვის მონაწილე წარმოადგენს მხოლოდ ინსტრუმენტს, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. სწორედ ადამიანი წყვეტს იარაღი იქნება თავდასხმის თუ თავდაცვის ინსტრუმენტი.
ყველა სხვა ინსტრუმენტის მსგავსად იარაღის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელია მისი კარგად ცოდნა. როგორც პიანისტი ვარჯიშობს და ემზადება კონცერტისთვის, რათა სტრესულ გარემოში შეძლოს ნაწარმოების კარგად შესრულება, მსგავსად პასუხისმგებლობიანი იარაღის მფლობელი უნდა გადიოდეს წვრთნას იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების უნარებს დასაუფლებლად. პიანისტისაგან განსხვავებით იარაღის მფლობელი ემზადება, რათა არასოდეს დასჭირდეს იარაღის გამოყენება, ხოლო თუ მაინც დადგება ასეთი დღე შეძლოს სტრესულ გარემოში საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა დაცვა. თავდაცვისას ჩვენი მიზანია საფრთხის თავიდან აცილება ან განეიტრალება და ამისთვის აუცილებელია საცეცხლე მომზადების გავლა.
პიანისტისაგან განსხვავებით იარაღის საცეცხლე მომზადების მხოლოდ მცირე ნაწილის (თეორია, ფუჭი სროლა, იარაღის მოვლა) გავლა არის შესაძლებელი სახლის პირობებში. სროლის პრაქტიკული უნარების შესაძენად უნდა ეწვიოთ ტირს ან გახვიდეთ დასახლებული პუნქტიდან შორს, სადაც პატრული ვერ მოგაგნებთ. „პატრული ვერ მოგაგნებთ“ - რატომ? ეს ფრაზა შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს რამე უკანონოს ჩადიოდეთ და ამისათვის დამალვა გჭირდებათ. იარაღი თქვენია, ოფიციალურად შეიძინეთ და დასახლებული პუნქტიდანაც ისე შორს ხართ იარაღის მიზანში სროლით მხოლოდ ახლომახლო ჩიტებს თუ დააფრთხობთ და მაინც რატომ უნდა ემალებოდეთ პატრულს? პასუხი შეგიძლიათ ამოიკითხოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლში.



სად შეგვიძლია სროლა, რას ამბობს კანონი?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლი განსაზღვრავს ყველა იმ გარემოებას რა დროსაც იარაღის სროლა წარმოადგენს კანონდარღვევას და ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს. მარტივად რომ ვთქვათ იარაღის გასროლა დასახლებულ პუნქტში, სროლისათვის გამოუყოფელ ადგილას ან სროლისათვის გამოყოფილ ადგილას (ტირი, სასროლეთი) დადგენილი წესის დარღვევით გამოიწვევს:
- პირველ ჯერზე - 500 ლარიან ჯარიმას და შესაძლოა მოხდეს იარაღია და საბრძოლო მასალის კონფისკაცია;
- მეორე ჯერზე - 1000 ლარიანი ჯარიმა, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაცია;
- მესამე ჯერზე - 3000 ლარიანი ჯარიმა, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაცია და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.
მუხლის ფორმულირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი არის „სროლისათვის გამოუყოფელი ადგილი“, რადგან იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას გარდა იმ ადგილებისა სადაც სროლა დაშვებულია. თავდაცვის გარდა საქართველოში სამოქალაქო პირებისთვის სროლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგი ადგილებსა და გარემოებების დროს:
- დახურულ ტირში - რომელიც მთელ ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელია;
- სამონადირეო მეურნეობაში;
- ღია სასროლეთში - ლიცენზირებული ღია სასროლეთი სამოქალაქო პირებისთვის არ გვაქვს;
- ნადირობის სეზონზე ლიცენზიის საფუძველზე
თუ არც ნადირობთ და სროლაც 50 მეტრზე მეტ მანძილზე გსურთ თქვენთვის კარგი ამბავი არ მაქვს. თქვენ იარაღით სროლის კანონიერი უფლება არ გაქვთ.
სიმართლე უნდა ითქვას და ჯერ-ჯერობით პატრული ბუნებაში გასულ იარაღის მფლობელებს არ დასდევს, თუმცა ვინც ბუნებაში გადიხართ და უბრალოდ მიზანში ისვრით უნდა გახსოვდეთ, თქვენი ბედი საპატრულო ეკიპაჟის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, რადგან კანონი მსგავსი ქმედების ჩამდენის დასჯის საშუალებას იძლევა.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით:
1.ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“



რა უნდა შევცვალოთ კანონში
ვაცნობიერებთ რა პრობლემის სიმწვავეს იარაღის მფლობელთა ასოციაციაში შევიმუშავეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ემსახურება შემდეგ მიზნებს:
- იარაღის მფლობელებს ჰქონდეთ კანონიერი უფლება დაკავდნენ რეკრეაციული სროლით;
- რეკრეაციული სროლისას დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები;
- რეკრეაციული სროლა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
აღნიშნული პრობლემის მარტივად მოგვარების მიზნით იარაღის შესახებ კანონში უნდა დავამკვიდროთ ახალი ტერმინი - რეკრეაციული სროლა და განვმარტოთ ის კრიტერიუმები, რომელთა დაცვა სავალდებულოა რეკრეაციული სროლით დაკავებისათვის.
რეკრეაციული სროლა - მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღის, ცივი/ცივ-სასროლი იარაღის, პნევმატური/გაზის იარაღის ან სხვა კანონით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იარაღით სროლას, რომლის მიზანიც არ არის თავდაცვა ან ნადირობა. რეკრეაციული სროლა დასაშვებია გარემოში, რომელიც აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სამიზნის უკან არის ტყვიის მიმღები ბუნებრივი/ხელოვნური ბარიერი, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის გაჩერებას;
- დაუბრკოლებელი ხედვა სამიზნეზე, სამიზნის მარცხნივ და მარჯვნივ ბუნებრივ/ხელოვნურ ბარიერამდე;
- გამორიცხულია საცეცხლე ზოლში მყისიერი მოხვედრა;
რეკრეაციული სროლის გარემოსადმი წაყენებული კრიტერიუმები უზრუნველყოფს უსაფრთხოებს ნორმების დაცვას და მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები.
ტყვიის ბარიერით გაჩერების ვალდებულებით მსროლელი სპობს არამიზნობრივი დაზიანების რისკებს. ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერის გაბარიტები უნდა აზღვევდეს შესაძლო გონივრული რისკებს უხეში დაუდევრობის გარდა.
დაუბრკოლებელი ხედვის კრიტერიუმის მიზანია გამორიცხოს საცეცხლე ზოლში ცოცხალი ორგანიზმის დაფარვა რაიმე სახის დაბრკოლებით. მსროლელი ვალდებულია დაუბრკოლებლად ხედავდეს სამიზნესა და ბუნებრივ/ხელოვნურ ბარიერს. საცეცხლე ზოლში არ უნდა იყოს წინაღობა, რომელმაც შეიძლება დაფაროს ადამიანი ან ცხოველი. დაბრკოლებად ასევე მოიაზრება მეტეოროლოგიური პირობების გამო ხილვადობის გაუარესება.
საცეცხლე ზოლში შეუძლებელი უნდა იყოს მყისიერად მოხვედრა როგორც ადამიანისთვის ისე შინაური ცხოველისთვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ საცეცხლე ზოლის ორივე მხარეს უნდა იყოს გონივრული უსაფრთხოების ზონა (ბუნებრივი ბარიერი ან ღია სივრცე დაუბრკოლებელი ხედვით), რომელიც მისცემს მსროლელს საკმარის დროს დროულად შეწყვიტოს სროლა საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში.



რას მივიღებთ
ზემოთ მოყვანილი ფორმულირებითა და უსაფრთხოების კრიტერიუმების განსაზღვრის შედეგად:
- რეკრეაციული სროლით დაინტერესებული პირები შეძლებენ კანონის ფარგლებში სროლას;
- მოხდება პოლიციასთან არსებული „ჯენტლმენური შეთანხმების“ კანონში გაწერა, რითაც გაიზრდება მსროლელის დაცულობის დონე;
- რეკრეაციული სროლა ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო მასებისთვის, რადგან ტირში ან სამონადირეო მეურნეობაში წასვლა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული;
- რეკრეაციული სროლით დაკავება ყველა რეგიონში იქნება შესაძლებელი;
- გაიზრდება იარაღის მფლობელთა თავდაცვისუნარიანობა;
- გაიზრდება იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების მცოდნეთა რაოდენობა.

თუ ეთანხმებით ჩვენ ინიციატივას და სურვილი გაქვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ საქმიანობას
- გაწევრიანდით იარაღის მფლობელთა ასოციაციაში - წევრობის განაცხადის ბმული;
- დააფინანსეთ ორგანიზაცია - შემოწირულობის გვერდი;
- მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, მოსაზრებები და პრობლემები:
- info@goa.ge
- Facebook Group
- Facebook Page