კანონმორჩილი მოქალაქე და სახელმწიფო პოლიტიკა

სახელმწიფო 

სახელმწიფოებრიობა და წესრიგი, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ რაღაც დონეზე შეუმჩნეველი რჩება. აღარავინ ფიქრობს რაშია საჭირო შუქნიშანი ან რატომ დგას შუქნიშანი ჭავჭავაძეზე და რატომ არ დგას სოფლის ორღობეში. ეს ყველაფერი მოცემულობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერზე ფიქრით ყოველდღიურად თავს არავინ იწუხებს ამ ყველაფრის არსებობას ლოგიკური ახსნა აქვს. ერთმანეთზე ზრუნვითა და დროის დაზოგვის მიზნით საზოგადოება შევთანხმდით, რომ შუქნიშნის წითელ შუქზე ყველა ვჩერდებით და მწვანე შუქზე ვაგრძელებთ მოძრაობას, რათა ერთმანეთს არ შევასკდეთ ადამიანები და ავტომობილები. შეგნებულად ვთმობთ ჩვენი ცხოვრების წითელზე გატარებულ დროს იმ სიკეთეების სანაცვლოდ რასაც ურთიერთშეთანხმებით ვაღწევთ.

სახელმწიფოებრიობის განვითარება სწორედ იმ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, რომელიც ადამიანების წინაშე იდგა და გათითოკაცებულები გადარჩენას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდით.

სახელმწიფოების ფორმირება მთელმა რიგმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა უმთავრესი იყო ადამიანების მისწრაფება ეცხოვრათ უსაფრთხო, სამართლიან და ორგანიზებული გარემოში. უსაფრთხოება, სამართლიანობა და შეზღუდული რესურსების სწორი განაწილება წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს.

ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ უსაფრთხოებაზე. ქვეყნის დონეზე უსაფრთხოება თავის თავში მოიაზრებს მოსახლეობის დაცვას გარეშე მტრისგან და შიდა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეებისგან თავდაცვის მიზნით გვყავს ჯარი - თავდაცვის სამინისტრო, ხოლო შიდა წესრიგის უზრუნველსაყოფად გვაქვს სამართალდამცავი სისტემა.

სახელმწიფოს გარედან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისგან ცოტა ხნით თავს შევიკავებ და ყურადღებას შიდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე გავამახვილებ. „ძალა აღმართს ხნავს“ - ეს ფრაზა შეიძლება არათემატური მოგეჩვენოთ, თუმცა ანდაზა გვასწავლის, რომ საკმარისი ძალის შემთხვევაში აღმართის მოხვნაც არის შესაძლებელი, რისთვისაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. სამართალდავი სისტემას უნდა ჰქონდეს კრიმინალზე და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ პირებზე მეტი ძალა, რათა შეძლოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. სამართალდამცავების ძალის წყაროს წარმოადგენს ყველა ის რესურსი რაც მათ განკარგულებაშია: კანონი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და აღჭურვილობა.

ამხელა ძალის მიუხედავად სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაცვას. ახლა არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოს პრობლემაა და თუნდაც რომელიმე განვითარებული ქვეყანა ახერხებს მოქალაქეების ინდივიდუალურ დაცვას და იქ არ ხდება ძარცვა, ყაჩაღობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან მკვლელობა. სახელმწიფო ვერ გახდება ინდივიდების სიცოცხლის ეფექტური გარანტი და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შეძლებს მკვლელის დაჭერას და სასამართლოს მეშვეობით მისთვის თავისუფლების აღკვეთას.

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“, მაგრამ ურემი უკვე გადაბრუნებულია და პანაშვიდზე მიტანილი ყვავილებით მკვდრეთით ჯერ არავინ აღმდგარა.

სახელმწიფოს მიდგომა

მოდი ისევ ძალმომრეობას დავუბრუნდეთ და სახელმწიფოს შევხედოთ, რას და როგორ აკეთებს საზოგადოებრივი წესრიგის სახელით. ერთ მხარეს დგას სახელმწიფო და სახელმწიფო მეორე მხარეს მდგომებს ყველას ერთად აღიქვამს მოწინააღმდეგედ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგი დაცვის სახელით ირჩევს ყველაზე მარტივ გამოსავალს - თავისდა სასარგებლოდ ცვლის ძალთა ბალანს. კონკრეტულად კანონის დახმარებით იზრდის უფლებამოსილებას და რესურსებს, ხოლო მოსახლეობას ასუსტებს თავდაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვითა და აკრძალვით. სახელმწიფოს მხრიდან „მოწინააღმდეგის“ დასუსტების სტრატეგია ეფექტურია მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ. კრიმინალი იმიტომ არის კრიმინალი, რომ კანონი ფეხებზე ჰკიდია. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვით ვიღებთ სიტუაციას, როდესაც განიარაღებული და დასუსტებული კანონმორჩილი მოქალაქე კრიმინალის წინაშე დაუცველი და მარტივი საკბილო ხდება.

რა აზრზე უნდა დადგეს რიგითი კანონმორჩილი მოქალაქე, როდესაც:

  • სახელმწიფო მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტი ვერ იქნება;
  • სახელმწიფომ შეუზღუდა ეფექტური თავდაცვის საშუალებებზე წვდომა;
  • სახელმწიფომ შეუზღუდა ეფექტური თავდაცვის უნარების განვითარების შესაძლებლობა;
  • სახელმწიფომ დაასუსტა და მოწყვლადი გახადა კრიმინალის წინაშე.

სად არის გამოსავალი

ამ საკითხზე ფიქრისას თითოეული თქვენგანი ჯერ ცოტა გაოცდება და ამავდროულად ეწყინება კიდევაც, თუ რატომ ჩაგრავს მის მიერ არჩეული ხელისუფლება? მთავრობისადმი არჩევნებით გამოხატულ ნდობას რატომ პასუხობს ხელისუფლება უნდობლობით? - თქვენი თავი თქვენადვე არ უნდა გეყუდნოდეთო, ასეთი მზრუნველი და ეფექტური ხელისუფლების პირობებში იარაღი რაში გჭირდებათო და ა.შ.

გაოცებისა და წყენის შემდეგ გაბრაზება მოდის, ხვდები რომ სახელმწიფოსთვის მხოლოდ ცხვარი ხარ და იქით უნდათ გაგრეკონ საითკენაც მწყემსი გადაწყვეტს. მატყლი, რძე და ხორცი ხარ. მერე რა თუ ერთი ორი ცხვარი მგლის საკბილო გახდება. მგლის შიშით ცხვრებისთვის კბილები არავის აულესიაო.

გაბრაზებული ცხვრის პოზიციიდან იწყებ ფიქრს და იმასაც ხვდები, რომ მთლად ცხვარიც არ ხარ, ადამიანი ხარ და ცხვრისგან განსხვავებით მწყემსის შეცვლაც შეგიძლია. ფიქრი სხვა განზომილებაში გადადის და ახლა უკვე იწყებ იმაზე ფიქრს რა გინდა და ვინ შემოგხედავს როგორც თანამებრძოლს და არა მოწინააღმდეგეს.

ფიქრში ისევ ვუბრუნდებით სახელმწიფოს შექმნის საწყისებს და ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე კვლავ უსაფრთხოების გარშემო ვაყალიბებთ რა გვჭირდება თავდაცვისთვის:

  • ხელმისაწვდომობა თავდაცვის ინსტრუმენტებზე;
  • შესაძლებლობა მარტივად დავეუფლო იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს;
  • თავდაცვის უფლება იქ სადაც კანონიერად ვიმყოფებით;
  • თავდაცვა ფუფუნების საგანი არ არის და იგი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი;

ასეთ გარემო პირობებში მოტივირებული კანონმორჩილი მოქალაქე შეძლებს კანონიერად დაეუფლოს იარაღს, თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რათა საჭიროების ჟამს შეძლოს საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას კრიმინალისაგან. ბრძოლისუნარიანი კანონმორჩილი მოქალაქე ხდება საზოგადოებრივი წესრიგის დასაყრდენი.

საუბრისას უმეტეს წილად ყურადღებას საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის შიგნით კრიმინალისგან მომდინარე საფრთხეებზე ვისაუბრეთ, თუმცა ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად კვლავ ბრძოლისუნარიანი ინდივიდებია საჭირო. გარე საფრთხე გაცილებით უფრო კომპლექსურია. პრობლემის კომპლექსურობის მიუხედავად ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის ბრძოლისუნარიანი ინდივიდების მომზადებასა და რაოდენობაზე, რაზეც სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.