ქართველი და იარაღი

ვინ წაგვართვა იარაღი?

საქართველოში იარაღის ტარების ისტორია იმდენივე საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართველი ხალხი. ეს უფლება არასოდეს შეზღუდულა და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ერი ფიზიკურ განადგურებას, შეგვინარჩუნა გენოფონდი, ენა, კულტურა და ეროვნული თვითშეგნება. ვითარება უცვლელი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რადიკალმა კომუნისტებმა - ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო და დაამყარეს უსასტიკესი დიქტატურა. ასეთ პირობებში კი, მოსახლეობის შეიარაღების უფლებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მოსახლეობა განაიარაღეს და მხოლოდ ბრძოლისუნარიანობის დასუსტების შემდგომ დაიწყეს სისხლიანი რეპრესიები.

სისხლიან რეპრესიებს შეეწირა მოსახლეობის ყველაზე აქტიური, თავისუფალი ნაწილი. უამრავმა ადამიანმა თავს უშველა ქვეყნიდან გაქცევით. დარჩენილები და გადარჩენილები კი აღმოჩნდნენ მძლავრი, სასტიკი, ტოტალიტარული სისტემის პირისპირ. ნებადართული იყო მხოლოდ სანადირო იარაღი. ისიც საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების პირობებში. იარაღის ტარება საყოველთაო უფლებიდან იქცა რეჟიმის მსახურთა კასტის პრივილეგიად.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ქვეყანაში უკიდურესად გამწვავდა ვითარება. არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის ფონზე, მოსახლეობაში ჩნდება უკანონო საბრძოლო იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები, ხელყუმბარები და ყუმბართმტყორცნებიც კი. ციხეებიდან პატიმრების მასობრივად გამოშვებამ და მათ ხელში იარაღის მოხვედრამ გამოიწვია ძალადობრივი დანაშაულის რიცხვის კატასტროფული ზრდა. თბილისის და სამეგრელოს სამოქალაქო ომებმა, შიდა ქართლში დაწყებულმა ომმა და ბოლოს აფხაზეთის ომმა კატასტროფის ზღვარზე დააყენა ქვეყანა. საბრძოლო მოქმედებებს თან დაერთო მასობრივი მაროდიორობა, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება, ადამიანების გატაცება. მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაუცველი აღმოჩნდა აღვირახსნილი ავაზაკების წინაშე. პოლიცია იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში და მისი მოსახლეობისათვის დახმარება ატარებდა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს

1994-1995 წლებში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. მოხერხდა უკანონო იარაღის უდიდესი ნაწილის ამოღება. დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელები, ზოგი მიეცა პასუხისგებაში და აღმოჩნდა თავის ადგილზე - ციხეში. ზოგი მოკლული იქნა პოლიციის მიერ, ზოგი კი გაიქცა ქვეყნიდან. დასრულდა ომებიც. 

საბჭოთა პერიოდში, 70 წლის განმავლობაში იარაღს გადაჩვეულმა (სამაგიეროდ ცეკვა-სიმღერას, ღვინოს, სუფრას და სადღეგრძელოებს მიჩვეულმა) ხალხმა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩააგდო სრულ შოკში. გაჩნდა პანიკური შიში იარაღის და შეიარაღებეული ადამიანის მიმართ. ქალაქების და სოფლების მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვდა ღამის უმისამართო სროლები; გაურკვეველი, ხშირად არაფხიზელი შეიარაღებული ადამიანები ქუჩებში; ოჯახებზე თავდასხმები; ქონების გატაცება და სხვა მრავალი ტრაგიკული მოვლენა. საბოლოო ჯამში,  ჩამოყალიბდა სტიგმა: იარაღი ცუდია. შეიარაღებული ადამიანი საფრთხის შემცველი და უბედურების მომტანია. სისხლისგან დაცლილ, დასუსტებულ ქვეყანაში არავის ეცალა იარაღის კულტურის აღდგენის და კანონიერი იარაღის საკითხებისთვის. 

ამ მძიმე ფონზე, 1994 წელს მიღებული იქნა კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“, რომელიც თითქმის უცვლელად იმეორებდა საბჭოთა საქართველოში არსებულ, მკაცრ დამოკიდებულებას სამოქალაქო იარაღის მფლობელთა მიმართ. 2003 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი „იარაღის შესახებ“. ის დღესაც მოქმედია. მასში შესულია 70 მეტი ცვლილება. მიუხედავად მრავალფეროვანი საკანონმდებლო რეგულაციებისა, დღეს მოქმედი კანონი კვლავაც იმეორებს საბჭოთა საქართველოს დროს არსებულ დამოკიდებულებას - მკაცრად ზღუდავს სამოქალაქო იარაღის ბრუნვას. საბჭოთა დროის საუკეთესო ტრადიციებში, დღესაც, იარაღის ტარება მხოლოდ „რჩეულთა კასტის“ პრივილეგიაა.  მიუხედავად ქაღალდზე არსებული თავდაცვის უფლებისა, ის რჩება ფორმალობად. კანონმორჩილი ადამიანები მოკლებული არიან შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად დაიცვან საკუთარი ოჯახების სიცოცხლე. 

რატომ ვართ ისევ ჭაობში?

საზოგადოების გარკვეული ნაწილის თანხმობის ფონზე „რად გვინდა იარაღი? იარაღი კლავს. ქართველების ამბავი არ იცით - დათვრებიან და დახოცავენ ერთმანეთს" - ამ და სხვა მითების საფუძველზე იარაღის მიმართ სიმკაცრეს სახელმწიფო ამართლებს ხალხზე ზრუნვით. ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირში.